სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება შემცირდა

სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება დაახლოებით 15-ჯერ შემცირდა.

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ წელს სექტორმა 2 625 240 ლარის მოგება ნახა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 40 326 088 ლარი იყო. იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე უცნობია ქვეყანაში არსებული სადაზღვევო კომპანიების შიდააუდიტორული მონაცემები, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ სადაზღვევო ბაზარი გარკვეულ კრიზისშია.

რამ განაპირობა მოგების მკვეთრი შემცირება და ხომ არ გამოიწვევს ეს ფაქტი სადაზღვევო სერვისების გაძვირებას? საკითხით ,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი მონაცემების შემცირებას სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს. გიგოლაშვილი ორ მთავარ მიზეზს - ლარის კურსის 40%-ით გაუფასურებასა და მოგების დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებას გამოყოფს.

მისი თქმით, გასულ წელს სექტორში მაღალი ზარალიანობა დაფიქსირდა.

,,ლარის კურსის გაუფასურებამ ბაზარზე არსებულ სერვისებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია. მაღალი კონკურენციის გამო, შეუძლებელი იყო, რომ სადაზღვევო სექტორსაც საკუთარი პაკეტები მკვეთრად გაეძვირებინა. ჩემი გაანგარშებით, 2015 წელს დაზღვევა საშუალოდ 15%-ით გაძვირდა, რაც ბევრად ნაკლები აღმოჩნდა მათ მიერ რეალურად გასაცემ ანაზღაურებაზე“, - აღნიშნავს გიორგი გიგოლაშვილი.

მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიები 2015 წლის ზარალიანობას დაახლოებით ერთ წელში შეაფასებენ. შესაბამისად, მათი მხრიდან კონტრზომების გატარებას მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ. გიგოლაშვილი სფეროში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, დაზღვევის პაკეტების ფასების ზრდას არ ვარაუდობს.

,,იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი გაუფასურების არსებულ მაჩვენებლს არ გადააჭარბებს, არ მგონია, რომ სადაზღვევო სფერომ ფასები კიდევ გაზარდოს. კლიენტის დაკარგვა არავის სურს. რა ზომებს მიიღებენ, ეს მათი მენეჯმენტის გადასაწყვეტია. შესაძლოა, ლიმიტები შეზღუდონ ან მაღალი ზარალიანობის ორგანიზაციებს მოუმატონ პრემიები“, - აცხადებს გიგოლაშვილი.

მისი თქმით, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრითაა შემცირებული დაზღვევის სფეროში ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალიც და თუ ეს მაჩვენებელი 2014 წელს 24 მილიონზე ცოტა მეტი იყო, 2015-ში მხოლოდ 8 მილიონამდე აღწევს.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის თქმით, მონაცემების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი დაანგარიშების მეთოდის შეცვლაცაა.

,,თუ ადრე არაპროფილური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალიც იანგარიშებოდა, 2015 წელს მხოლოდ სადაზღვეო საქმიანობიდან მიღებული მოგების დათვლა მოხდა“, - განაცხადა გიგოლაშვილმა.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული სადაზღვევო ინდუსტრია მომგებიანობის თვალსაზრისით ძალიან სუსტია. სადაზღვევო კულტურა და გადახდისუნარიანობა კი დაბალია.

,,იმ პირობებში, როდესაც არ ხორციელდება არცერთი ღონისძიება, რომელიც სადაზღვევო ურთიერთობებს ადგილიდან დაძრავდა, სფეროს განვითარება ძალიან უჭირს. დაზღვევის სექტორში ერთგვარი სტაგნაციაა“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, ჯანმრთელობის დაზღვევის ციფრები ბოლო სამი წელია, თითქმის არ იცვლება. ასოციაციის თავმჯდომარე მიჩნევს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიას მეტი ხელშეწყობა სჭირდება.

,,თუ სახელმწიფო დაგეგმარებაში გაჩნდება ლოკომოტივები, ინსტრუმენტები, რომლებიც სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს, მაშინ სადაზღვევო ინდუსტრია ნახტომისებურად განვითარდება. თუ არა და, რაც ხდება, ყველანი კარგად ვამჩნევთ“, - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.

მისი ანალიზით, დაზღვევის სფეროში მოგების შემცირება გამომუშავებული პრემიის ნაკლებობასთან, ზარალიანობის ზრდასთან და სადაზღვევო ბალანსიდან სამედიცინო სისტემის გასვლასთან არის დაკავშირებული.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე