თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე გაიხსნება

თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე Fabrika გაიხსნება.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” Fabrika-ს მარკეტინგის მენეჯერმა, მარიკა კვირკველიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის იდეა არქიტექტურულ კომპანია MUA-ს ეკუთვნის. ინვესტორი კი სასტუმრო Holiday Inn-ისა და Rooms-ის მმართველი „აჭარა ჰოსპიტალითია".

მარიკა კვირკველიძის ინფორმაციით, ახალი სივრცე საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი სამკერვალო ფაბრიკის ადგილას განთავსდება და ჰოსტელს, კაფე-ბარებს, მაღაზია-სახელოსნოებს და სხვადსხვა ურბანულ სივრცეებს გააერთიანებს.

”ეს არის ძველი სამკერვალო ფაბრიკა, რომლის რეკუნსტრუქციაც ახლა მიმდინარეობს. აქ განთავსდება 450 ადგილიანი ჰოსტელი. ჰოსტელის ეზოში იქნება კაფეები, ბარები, არტისტების სახელოსნო-მაღაზიები. Fabrika გვინდა იქცეს ახალგაზრდა ხელოვანი ადამიანების თავშეყრის ადგილად, სადაც მათ შეეძლებათ შექმნან, გააზიარონ და განახორციელონ თავიანთი იდეები. სტუმრებისთვის კი ის უნდა გახდეს თავისუფალი, მულტინაციონალური გარემო, სადაც მეგობრებთან ერთად განტვირთვას, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრასა და უბრალოდ, დროი სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ”, - აღნიშნავს მარიკა კვირკველიძე.

მისივე თქმით, ახალი სივრცის მთავარი კონცეფცია მულტიფუნქციური არტსივრცის შექმნაა.

”ძირითადი კონცეფციაა მულტიფუნქციური არტსივრცის შექმნა, სადაც ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს შეეძლებათ, სასიამოავნოდ გაატარონ საღამო მეგობრების წრეში. ჰოსტელი ადგილს მულტინაციონალურს გახდის”, - აღნიშნავს მარიკა კვირკველიძე.

"ფაბრიკას" მარკეტინგის მენეჯერის თქმით, ახალი სივრცე, რომლის რეკონსტრუქციისთვის ინვესტორი 7 მილიონ დოლარს დახარჯავს, სავარაუდოდ, ივლისში გაიხსნება.

”რეკონსტრუქცია უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. ვფიქრობთ, ივლისის დასაწყისისთვის გაიხსნება. პროექტის საერთო ღირებულება 7 მილიონი დოლარია”, - ამბობს Fabrika-ს მარკეტინგის მენეჯერი.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე