ოთარ დანელია ყატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დოჰაში ყატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანს შეხვდა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ყატარის სახელმწიფოს პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

პრემიერის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი ყატარის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უწყვეტი და სტაბილური მიწოდება; აღნიშნულ კონტექსტში ყატარის სახელმწიფოსთვის საქართველო ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, ყატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდის პოტენციალი არსებობს და, შესაბამისად, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებთან ერთად, საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება.

"საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს რესურსი, საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ყატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ყატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე.

უწყების ინფორმაციით, ყატარის სახელმწიფოში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ადგილობრივი მედიასაშუალებებით აქტიურად გაშუქდა.