ჩინური კორპორაცია საქართველოში წარმოების დაწყებას გეგმავს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძისა და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვნელის გიორგი ჩერქეზიშვილის შემადგენლობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, დელეგაცია ქალაქ შანხაიში ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ხვდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ შანხაიში საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პარტნიორი კომპანიის china National Technical Import & Exsport Corporation (CNTIC)-ის ხემძღვანელს ჩენ ძიე ჰენ-ს შეხვდა.

მინის წარმოების ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი ჩინური კორპორაცია საქართველოში წარმოების დაწყებას გეგმავს. ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ჩინური კორპორაციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას შედგა.

შანხაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მინის წარმოებასთან დაკავშირებით საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ დეტალებზე იმსჯელეს. ჩინელი პარტნიორები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ქალაქ ოუში იმყოფებოდა.

ფონდის დელეგაცია ქალაქ ოუს მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა შენგ ქიაპინგმა საქმიან სადილზე მიიწვია. შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე დე ანი ესწრებოდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესგარემოს შესახებ ისაუბრეს. განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და კაპიტალდაბანდებისთვის მიმზიდველი სფეროები. საუბარი შეეხო ასევე, ჩინეთში, აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობისა და ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და რეალიზაციის საკითხებს უზრუნველყოფს.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ოუში არსებული ლოჯისტიკის ცენტრი დაათვალიერა, სადაც იმპორტირებული ქართული ღვინის დასაწყობება და შემდგომში განბაჟება ხდება.

ჩინური კომპანია Yiwu Bonded Logistics Centr-ის ხელმძღვანელმა შანგინგ ფუმ ფონდის წარმომადგენლებს ქართული პროდუქციის სასაწყობე მეურნეობის ტექნიკური აღჭურვილობა და შენახვის პირობები გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული ღვინის ჩინეთში აქტიურმა პოპულარიზაციამ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა", - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრებს ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური ესწრება.