ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა, გოდერძის უღელტეხილის გავლით, უმოკლესი მანძილით აკავშირებს საქართველოს სამხრეთ რეგიონებს აჭარასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, შავიზღვისპირეთის კურორტებთან და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, რკინაბეტონის ხიდის მშენებლობა და რკინიგზაზე გადასასვლელის რეკონსტრუქცია. ასევე, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების შეკეთება, საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.