პელე „სამსუნგს“ რეკლამაში მისი ორეულის გამოყენებისთვის უჩივის

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე კომპანია“სამსუნგს“ სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 30 მილიონ დოლარს სთხოვს.

„ფეხბურთის მეფის“ განცხადებით, „სამსუნგმა“ ტელევიზორების რეკლამაში პელეს ორეული გამოიყენა, რომელიც მის საფირმო დარტყმასაც კი ასრულებს.

მართლია, რეკლამაში პელეს სახელი გამოყენებული არ არის. თუმცა, ფეხბურთელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „სამსუნგის“ ტელევიზორების რეკლამაში ნაჩვენები მამაკაცი იმდენად ჰგავს ლეგენდარულ ბრაზილიელს, რომ პოტენციურ მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს.

პელეს ადვოკატთა განცხადებით, რამდენიმე წლის წინ „სამსუნგი“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბრაზილიელ ფეხბურთელებთან, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტა მოლაპარაკებები.