ოთარ დანელია კომპანია "ასად ფუდის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ყატარული სახელმწიფო კომპანიის "ასად ფუდი" აღმასრულებელ დირექტორს ხალიდ მობარაქ ალ დელაიმს შეხვდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კომპანია "ასად ფუდი" მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მსხვილ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკასა და ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება აგრარული მიმართულებით საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებზე გაამახვილა. მხარეებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყატარულმა მხარემ ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი დააყენა და ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში მზადყოფნა გამოთქვა, ინვესტიციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით განახორციელოს.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ყატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე ესწრებოდნენ.