"სითი პარკის" გადასახადის გადახდა მძღოლებს 2024 წლის ბოლომდე მოუწევთ

თბილისის მცხოვრებლებს "სითი პარკის" გადასახადის გადახდა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოუწევთ.

აღნიშნულ კომპანიასა და დედაქალაქის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება სწორედ ამ ვადამდე იმოქმედებს. ეს ინფორმაცია ALLNEWS.GE-ს უწყებაში დაუდასტურეს.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის მაღალჩინოსანთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება ხელშეკრულების გადახედვასა თუ გაუქმებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ცვლილებები, ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, მერიამ "სითი პარკთან" მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას დაჰპირდა.

კერძოდ, "სითი პარკს" უნდა შეზღუდვოდა ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება, უნდა გაუქმებულიყო ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც კომპანიას პარკირების მოწყობისა და ადმინისტრირების ექსკლუზიური უფლება ენიჭებოდა, ასევე "სითი პარკს" უნდა მოეხდინა ტროტუარზე პარკირების შეზღუდვის უზრუნველყოფა.

როგორც "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ALLNEWS.GE-ს განუცხადეს, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება კომპანიას კვლავ აქვს.

განაგრძეთ კითხვა

ქრისტინე გამთენაძე