კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონებიც ისწავლიან

სექტემბრიდან გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ცხრაკლასდამთავრებულ გოგონებსაც შეეძლებათ სწავლა.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ლიცეუმში სტუმრობისას განაცხადა.

„წელს სიახლე გვაქვს. სექტემბრიდან მივიღებთ გოგონებს და ეს ჩვენ, ნამდვილად, რეგიონში ამ მხრივ ლიდერად გვაქცევს. ეს იქნება უნიკალური ადგილი, სადაც მზადდებიან როგორც გოგონები, ისე ვაჟები ბრწყინვალე სამხედრო კარიერისთვის. ჩვენ დაახლოებით 10 000 ლარს ვხარჯავთ თითოეულ მოსწავლეზე. ლიცეუმი საქართველოში საუკეთესო სკოლებს შორის ერთ-ერთია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც მოტივირებულნი არიან, გახდნენ სამხედრო მოსამსახურეები მომავალში,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.