კომპანია Ranco Capital-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდის საქმიანობას ეცნობა

იორდანული მსხვილი საინვესტიციო კომპანია Ranco Capital-ის დელეგაცია საპარტნიორო ფონდის საქმიანობის გასაცნობად ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონდის მიერ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს. ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების და წარმოების სექტორებზე.

სტუმრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფონდის სტრუქტურისა და დაფინანსების მოდელების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, იორდანელ ბიზნესმენებს საქართველოში ორი მიმართულება: 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარება და ტექსტილის წარმოება აინტერესებთ.

Ranco Capital-ის წარმომადგენლები იორდანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან და ქვეყნის ბიზნესგარემოს ეცნობიან.

Ranco Capital-ი საქმიანობს: სასტუმროების და უძრავი ქონების სექტორში (კომპანია ფლობს იორდანიაში შერატონის და მარიოტის ქსელებს); საბანკო სექტორში (არის ალი ბანკის მფლობელი); წარმოების სექტორში (ფლობს სამკერვალო ფაბრიკებს).