"თელასმა" ქვესადგურ "კოჯორში" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია "თელასმა" ქვესადგურში "კოჯორი" სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვესადგურში ძალოვანი ტრანსფორმატორის (T-2) და 35-კილოვოლტიანი ზეთიანი ამომრთველის (Bთ-35) სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ქვესადგურის სიმძლავრე 4 მეგავატით გაიზარდა. აგრეთვე, გაუმჯობესდა დაბა კოჯრის 1437 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება განსაკუთრებით აქტუალურია დაბა კოჯრის ინფრასტრუქტურის განვითარების, საკურორტო სეზონის მოახლოების და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების პირობებში", - აცხადებენ კომპანიაში.

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაოს" შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე - სახელმწიფოს საკუთრებაა.