გარდაბანში 110კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური აშენდება

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას იწყებს.

როგორც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" აცხადებენ, პროექტი გულისხმობს ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის გიგანტ-კომპანია BP-ის საქართველოში, კერძოდ კი, გარდაბანში მდებარე სატუმბი სადგურისათვის ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.

პროექტის ფარგლებში გარდაბნის ტერიტორიაზე აშენდება 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური, რომელსაც ენერგეტიკული კავშირი ექნება სსე-ის კუთვნილი ქვესადგურის "გარდაბანი-500" 110 კვ-იან ფრთასთან.

მათივე ინფორმაციიით, უკვე შერჩეულია ქვესადგურის მშენებლობის ადგილი და დადგენილია ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის მარშრუტი. ახალი ტრასა დაახლოებით 9,5 კილომეტრს შეადგენს. პროექტი უკვე მომზადებულია და გაგზავნილია გეოლოგიურ კვლევაზე.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" პირადი ადამიანური რესურსით განახორციელებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის დასრულების შემდეგ კი ქვესადგური და ელექტროგადამცემი ხაზი სსე-ს გადაეცემა საკუთრებაში. პროექტის განხორციელებით, ქართულ ენერგოსისტემას ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიის სახით გაუჩნდება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მომხმარებელი", - ნათქვამია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.