ფიზიკურ პირებს საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობით დაკარგული უძრავი ქონების გამოსყიდვის შესაძლებლობა, შესაძლოა, შეუმსუბუქდეთ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც დეპუტატის განმარტებით, ფიზიკურ პირებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.

ვოლსკის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება, თუკი ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მიღებულ საცხოვრებელ ბინას/სახლს იმავე ფიზიკურ პირს - ყოფილ მესაკუთრეს მიაწოდებს. მოვალეს შესაძლებლობა მიეცემა, კუთვნილი ქონება მის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობით გამოისყიდოს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კრედიტორი შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე მიღებული ქონების რეალიზაციისას ვალდებულია, მოახდინოს დამატებითი ღირებულების გადახადა ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც თავისთავად, 18%-ით (დღგ) აძვირებს უძრავი ქონების ღირებულებას.

ამავდროულად, პარლამენტში დაწყებულია ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვა, რომელიც იმ ფიზიკურ პირებს ეხება, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ იხდიან და ვერ ემსახურებიან სესხებს, ვერ ასრულებენ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ბანკსაც მსგავსი სესხები უიმედო სესხების კატეგორიაში აქვს გადატანილი. "თავისუფალი დემოკრატების" კანონპროექტი ითვალისწინებს, ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისათვის ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ფინანსურ ინსტიტუტებს აღარ ექნებათ გადახდისუუნარო კრედიტორებისათვის ვალის პატიებისგან თავის შეკავების საფუძველი, რაც თავის მხრივ, ასეთ პირებს შესაძლებლობას მისცემს, ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უიმედო სესხისა და შესაბამისი სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ.

როგორც გია ვოლსკიმ განმარტა, ორივე საგადასახადო ინიციატივა ფინანსური ისტიტუტებისადმი დავალიანების მქონე ფიზიკურ პირებს მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს. ვოლსკი აღნიშნული ინიციატივების შესაძლო გაერთიანებასა და ერთ პროექტად ჩამოყალიბების პერსპექტივაზე საუბრობს.

"თუკი დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივები გაერთიანება, გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვასაც შეიძენს, რადგან ეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ერთობლივი კანონპროექტის შემუშავების პირველი პრეცენდენტი იქნება", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ფრაქცია "ქართულ ოცნების" თავმჯდომარის პროექტი პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, 4 აპრილის სხდომაზე წარედგინება.