აზიის განვითარების ბანკმა შაჰ-დენიზი 2-ის გაფართოებისთვის შესაძლოა, 450 მილიონი დოლარი გამოყოს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) მზად არის, კრედიტის სახით 450 მილიონი დოლარი გამოყოს შაჰ დენიზი 2-ის პროექტის გაფართოებისთვის.

„აზიის განვითარების ბანკმა პროექტის განხილვა დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბანკი პროექტისთვის 450 მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხს განიხილავს“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შაჰ-დენიზის“ საბადოს დამუშავებაზე კონტრაქტი 1996 წლის 4 ივნისს გაფორმდა. პროექტის მონაწილეები BP (28,8%), “პეტრონასი“ (15,5%), „ლუკოილი“ (10%), NICO (10%) და „ტრაო“ (19%) და „სოკარი“ (16,7%) არიან.

„შაჰ-დენიზი 2“-ის ღირებულება 28 მილიარდ დოლარად ფასდება. გაზის მოპოვების წლიური მოცულობა 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, საიდანაც 10 მილიარდი ევროპას მიეწოდება, 6 მილიარდი თურქეთის დასავლეთ რეგიონებს. ევროპაში გაზის მიწოდება 2019 წლისთვის დაიწყება.

შაჰ-დენიზი 2-ის ფარგლებში გათვალისწინებულია 26 გაზის წარმოების ახალი ჭაბურღილის გაბურღვა; 500 კმ სიგრძის ზღვისქვეშა მილსადენის გაყვანა, რომელიც ჭაბურღილებს ერთმანეთთან და ტერმინალთან დააკავშირებს; სანგაჩლის ტერმინალის გაფართოება; სამხრეთ კავკასიის მილსადენის აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ახალი, პარალელური მილსადენით გაფართოება, რათა თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანულ მხარეს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზის 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც, გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ამასთან, პარალელური მილსადენების მშენებლობისთვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით, დაახლოებით, 350 ათასი ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.