ლარის დაცულობა და გაყალბების ფაქტები

ფულის გაყალბება მსოფლიოში, ფულადი ერთეულის შექმნის პერიოდიდანვე მომდინარეობს. ბოლო საუკუნეებში კი სახელმწიფოებმა ეროვნული ვალუტის დაცვის სხვადასხვა დამცავი მექანიზმები შეიმუშავეს. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ხშირად ისეთი გაყალბება ფიქსირდება, რომ ექსპერტის გარდა, განსხვავებას ყალბსა და ორიგინალ ფულს შორის ვერავინ აფიქსირებს. ამ მხრივ გამონაკლისს არც ქართული ვალუტა წარმოადგენს. 2016 წლის თებერვლიდან მიმოქცევაში 20, 50 და 100 ლარიანი ნომინალების განახლებული კუპიურები ჩაეშვა, რასაც მალევე გაყალბების შემთხვევები დაერთო. მცირე რაოდენობით 20 ლარიანი კუპიურის გაყალბების ფაქტები სწრაფად დაფიქსირდა და აღმკვეთი ღონისძიებებიც გატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა ჩოხატაურში, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. პოლიციამ მათი პირადი ჩხრეკისას – 6 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 2 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თანხამ საერთო ჯამში 1040 ლარი შეადგინა.

მომდევნო ფაქტი "ლიბერთი ბანკის" ბანკომატში დაფიქსირდა. ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ ყალბი ოცლარიანი აღმოაჩინა და საპატრულო პოლიციას მიმართა.

განახლებული ქართული ვალუტის კუპიურები ძველთან შედარებით გაცილებით ბევრ და რთულად გასაყალბებელ დამცავ ნიშნებს შეიცავს - ამის შესახებ "პალიტრა ნიუსის" გამადღებ ჯგუფს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადი ერთეულების ექსპერტი ესაუბრა. ლიკა ვერულაშვილი ამბობს, რომ ახალი კუპიურების სრულად გაყალბება შეუძლებელია.

გაყალბებული ერთეულების გარჩევა ნამდვილისგან საკმაოდ მარტივი და შეუიარაღებელი თვალითაც კარგადაა შესამჩნევი. ფულის ექსპერტი პატარა ექსპერიმენტით გვაჩვენებს, თუ რა განმასხვავებელ და დამცავ ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება მოქალაქეებმა.

ლარის ახალი კუპიურების დიზაინსა და მათ დამცავ ელემენტებზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. განახლებული 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურები ევროპის რეგიონის მასშტაბით ყველაზე დაცულ ფულის ერთეულად შესაბამის კონკურსზე აღიარეს და ჯილდოდ წოდებაც გადაეცა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე