"ჰუმანითი" ბაზარზე დამატებით 200 ხარისხიან და ხელმისაწვდომ მედიკამენტს შემოიტანს

ფარმაცევტული კომპანია "ჰუმანითი" ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებაზე მიუთითებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სააფთიაქო ქსელების დიდმა ნაწილმა გასულ კვირას მორიგი ფასდაკლების შესახებ განაცხადა და ეს ფაქტი ლარის გამყარების პროცესს დაუკავშირა.

"ჰუმანითის" ინფორმაციით, ექსპერტთა ერთი ნაწილი გამძაფრებულ კონკურენციას ბაზარზე ახალი კომპანიის "ჰუმანითი ჯორჯიას" გამოჩენას უკავშირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ "ჰუმანითის" მიერ ბაზარზე იაფი პრეპარატების შემოტანამ მართლაც გამოიწვია მედიკამენტების ფასების კლება.

"ჰუმანითის" გენერალური დირექტორის ანდრი კუზმას თქმით, "ჰუმანითი" საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმით არის შემოსული, ხოლო კომპანიის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მომარაგდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით.

"ამას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, ჩვენი ბიზნეს-გეგმის შესაბამისად, ვასრულებთ. უკვე შესულია ბაზარზე ჰუმანითის კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნდალური, ანთების საწინააღმდეგო-ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები. უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგვაქვს კიდევ 200 დასახელების პრეპარატი, რა თქმა უნდა, ისინიც გაცილებით ხელმისაწვდომი ეღირება ანალოგებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის კვალდაკვალ, მოსახლეობა კარგად იგრძნობს, რომ ფასები მედიკამენტებზე შემცირდა", - აცხადებს კუზმა.

მისივე ინფორმაციით, ბაზარზე შემოსვლამდე, კომპანიამ შეისწავლა არსებული ვითარება.

"ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯენერიული მედიკამენტების ბაზრისთვის საკმაოდ სერიოზული ნიშა არსებობდა და გრძელვადიანი გათვლით სრულიად შესაძლებელი იყო ბაზარზე დამკვიდრება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პრეპარატების შეთავაზება. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ პატივს ვცემთ ბაზრის ყველა მონაწილეს და მივესალმებით ფაქტს, რომ მათ შეძლეს და გამონახეს საშუალება და მედიკამეტებზე ფასები დასწიეს. საქართველოში მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ვითარება სასიკეთოდ იცვლება. აქ მთავარი კიდევ სხვა მომენტია, – ფაქტია, საქართველოში სახელმწიფომ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო და პირობები, როცა შესაძლებელია ამა თუ იმ კომპანიამ დასახოს განვითარების გეგმა, რომელიც მედიკამენტების გაიაფების პოლიტიკაზეა დაყრდნობილი, შემოვიდეს ბაზარზე და დაიწყოს ოპერირება და ამაში მას ხელს არავინ უშლის", – აცხადებს კუზმა.