ფოთში მძღოლების აქცია ერთმანეთთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ფოთში მძღოლების საპროტესტო აქცია ერთმანეთთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მათთან ფოთის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია მივიდა.

ლევან ჩოჩიამ აქციის მონაწილეებს სთხოვა, აქცია სამშაბათამდე შეეწყვიტათ, რადგან ცენტრალური ხელისუფლებიდან საკითხს გამოხმაურება მოჰყვება. ვიცე-მერის ამ განცხადებას მძღოლების ნაწილი დაეთანხმა, ნაწილი კი - არა, რასაც მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციის ორი მონაწილე პოლიციამ დააკავა. მძღოლები ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აქციის მონაწილეები აცხადებენ, ქართველი მძღოლები უცხოელ მძღოლებთან შედარებით კაბალურ მდგომარეობაში არიან. მათი თქმით, გადამზიდავი კომპანიები პრიორიტეტს უცხოელ მძღოლებს ანიჭებენ, რის გამოც ისინი დაუსაქმებლები და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებიან.