საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, -17.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, -17.9 მლრდ აშშ დოლარი (-42.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მონაცემები ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -128.6 პროცენტია.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან და წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით, შესაბამისად 515.2 მლნ აშშ დოლარით და 499.1 მლნ აშშ დოლარით გაღრმავდა. 2015 წლის მეოთხე კვარტალის განმავლობაში საოპერაციო, ფასის და სხვა ცვლილება უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო ცვლილება - დადებითი.

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 6.9 მლრდ აშშ დოლარია (16.6 მლრდ ლარი), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 459.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა კვარტლის მაჩვენებელს 190.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 24.9 მლრდ აშშ დოლარი (59.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 974.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა კვარტლის მაჩვენებელს 689.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.