დასავლეთ საქართველოში ყინვამ კივის პლანტაციები დააზიანა

უამინდობამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართველ ფერმერებს: უჩვეულოდ თბილ თებერვალს მარტის სუსხიანი და ცივი ამინდები მოჰყვა, რამაც დასავლეთ საქართველოში ხეხილის ნარგავები ერთიანად დააზიანა. გურიასა და სამეგრელოში მცხოვრები ფერმერების თქმით, მათ სოფლებში ვაშლი, მსხალი, ტყემალი და ვაზი უკვე აყვავებული იყო, თუმცა, ყინვამ და სიცივემ ყველაფერი დააზიანა, ყველაზე მეტად კი კივის პლანტაციები.

ჯაბა ჭეიშვილი, ფერმერი, ოზურგეთის რაიონის მკვიდრი: „არც მიკვირს, რომ კივის მოსავალი ნაკლები მოვიდეს: თებერვალში ტემპერატურამ 20-25 გრადუსს მიაღწია, მერე კი, თბილ ამინდებს ერთბაშად უამინდობა მოჰყვა: მარტის დასაწყისში ჩვენს რაიონში თოვლი მოვიდა და უკვე აყვავებული კვირტები ძირს ჩამოყარა. საერთოდ, კივის ნარგავებს ყინვა და სიცივე ყველა სხვა კულტურაზე მეტად აზიანებს, რის გამოც გურიაში კივი მთლიანად განადგურდა. ყინვას თხილი უძლებს, ხოლო კივი მინუს 1 გრადუსზეც კი ზიანდება. ოზურგეთის ახლო-მახლო ბევრი სოფელი დაზარალდა. ამ სოფლებში კივის მოსავლის იმედი წელს უკვე აღარა აქვთ“.

კივის პლანტაცია დაუზიანდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიას მკვიდრ დემურ ფიფიასაც, რომელიც ამავე სოფელში დაარსებული კოოპერატივის "ტყაია-2015"-ის თავმჯდომარეა.

„სხვა მცენარეების მსგავსად, კივი უკვე აყვავებული იყო. ასეთ დროს ერთი ღამეც რომ იყოს ყინვა, საკმარისია, რომ კივის მოსავალი განადგურდეს. კივის ფოთლები მთელ ბაღში ყრია, რაც ნიშნავს, რომ წელს კარგ მოსავალს არ უნდა ველოდეთ. ალბათ მოსავლის 10 პროცენტს თუ ავიღებთ. ჩემს პლანტაციაში წელიწადში 4-5 ტონა კივი მოდიოდა, წელს კი, 100 კილოგრამი თუ მოვა, მადლობელი ვიქნები. მინდა კიდევ ერთი სატკივარი გაგიმხილოთ: სადაზღვევო კომპანიები სათანადოდ არ გვეხმარებიან. მათ პროგრამაში მხოლოდ საშემოდგომო წაყინვაა ნახსენები, საგაზაფხულო წაყინვას კი საერთოდ არ აფინანსებენ. არადა, შემოდგომის ყინვა ისე მავნებელი არ არის, როგორც გაზაფხულისა. რამდენჯერმე დავსვით ეს საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე, მაგრამ ჯერჯერობით მიზანს ვერ მივაღწიეთ. შარშანწინ ტრენინგებზე წაგვიყვანეს თურქეთში და გული დამწყდა: იქ ფერმერი ავტომატურად არის დაზღვეული ასეთი ზარალისგან, დოტაციას აძლევენ, ხელს უწყობენ... ჩვენ ამას ოდესმე თუ ვეღირსებით?!“, - აღნიშნავს დემურ ფიფია.

ზუგდიდის რაიონში, სოფელ ზედა ეწერში შპს "გემოვანის" წევრებს კივი 10 ჰექტარზე აქვთ გაშენებული. როგორც შპს-ის დირექტორმა, მერაბ ფიფიამ გვითხრა, მათი პროდუქცია ევროპელმა სპეციალისტებმა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მერაბ ფიფია: „სრული უფლება გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქცია უცხოეთში გავიტანოთ. შარშან 25 ტონა კივი მოვიწიეთ, რომელიც ერთმა კერძო ფირმამ მთლიანად შეისყიდა. წელს პლანტაცია გავაფართოვეთ და უკვე 70 ტონა მოსავალს ველოდით, მაგრამ ყინვამ დაგვიზიანა. გაზაფხულის ყინვა ამ დროს ჩვეულებრივი ამბავია და მსგავსი რამ მარტში კი არა, აპრილშიც შეიძლება მოხდეს. კივი ძალიან მგრძნობიარეა ყინვის მიმართ, როგორც მაგალითად, ჩაი. მარტო ერთ ღამეს იყო -3,5-3,6 გრადუსამდე ყინვა და კივის ნარგავები მეტისმეტად დააზიანა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კივის პლანტაციისთვის -1 გრადუსი ყინვაც კი საშიშია“, - აღნიშნავს „გემოვანის“ დირექტორი.

მერაბ ფიფია ამბობს, რომ ჯერ ზიანი არ დაუთვლიათ, მაგრამ როგორც კი ამინდები გამოვა და კივის ნერგებიც გამოიღვიძებს, მაშინ დაადგენენ, რამდენი პროცენტია დაზიანებული.

„ჩვენ ერთი კვირით ადრე ვიცოდით, რომ ყინვა იქნებოდა, მოვიმარაგეთ საბურავები, ნახერხი, რომ პლანტაციის ირგვლივ ცეცხლი დაგვენთო და მოსავალი გადაგვერჩინა. ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ პლანტაცია ვერ დავიცავით. კიდევ კარგი, 10 ჰექტარზე თხილიც გვაქვს გაშენებული და თხილის მოსავალი მაინც გადაგვირჩა. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, არსებობს სპეციალური გაზქურები, რომელსაც ირანი უშვებს და მათი დახმარებით პლანტაციაში სითბოს შენარჩუნება შეიძლება. რაღაც გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რომ ასეთ შემთხვევებს მომავალში უფრო მომზადებულები შევხვდეთ“, - აღნიშნავს მერაბ ფიფია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი ამბობს, რომ ქართული კივი ბევრად უკეთესია იმპორტირებულთან შედარებით, რადგან ჩვენს გლეხებს ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე მოჰყავთ.

აკაკი ღლონტი: „საქართველოში მოწეული კივი არ ინახება სპეციალურ ხსნარებში, მაგალითად, ფორმალინში, შესაბამისად, ის ბიოლოგიურად სუფთაა, ამიტომ ძალიან საწყენია, რომ ყინვამ კივის მოსავალი თითქმის გაანადგურა. ეს იყო ე.წ. საგაზაფხულო წაყინვა - ასე ვუწოდებთ სპეციალისტები ამ უსიამო მოვლენას: წაყინვა ჰქვია გაზაფხულზე, ვეგეტაციის დროს, ნაყოფის დაზიანებას. სულ სხვაა მოყინვა, რომელიც ზამთარში ხდება - ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა. 15-20 აპრილამდე საგაზაფხულო წაყინვა ყოველთვის არის მოსალოდნელი. არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომლითაც პლანტაციის დაცვა შეიძლება, მაგრამ ამის საშუალება ჩვენს ფერმერებს არა აქვთ. ასევე არა აქვთ უახლესი ტექნოლოგიების შეძენის საშუალებაც. სწორედ ამიტომ ყიდულობს ჩვენი მოსახლეობა უცხოურ კივს, რომელიც კარგად არის შენახული და ვიზუალურად უფრო ლამაზია, ჩვენი გლეხები კი, კივი რომ დალპება და დაზიანდება, ყრიან, რითაც დიდ მატერიალურ ზარალს ნახულობენ. თუ ახალ ტექნოლოგიებს არ დავნერგავთ და ამ დარგს სათანადოდ ხელს არ შევუწყობთ, ქართველი გლეხისაგან სოფელი სულ მალე დაიცლება“.

ხათუნა ჩიგოგიძე