ბრიუსელის აეროპორტიდან რეისები ჯერ კიდევ არ განახლებულა

ბრიუსელის აეროპორტიდან რეისები ჯერ კიდევ არ განახლებულა. "ბიბისის" ცნობით, აეროპორტი მზადაა ნაწილობრივ გაიხსნას, თუმცა, ფრენები დღეს საღამომდე არ შესრულდება.

ზავენტემის აეროპორტი 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაკეტილია. როგორც აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა ორი დღის წინ განაცხადა, საჭიროა კიდევ თვეები იმისათვის, რომ აეროპორტმა სრული დატვირთვით განაახლოს მუშაობა. მისივე თქმით, თავდაპირველად აეროპორტი 800-1000 მგზავრის მიღება-გაშვებაზე იმუშავებს საათის განმავლობაში და არა 5 000 მგზავრის მიღება-გაშვებაზე, როგორც ამ დრომდე იყო.

აეროპორტი დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ეტაპობრივად აღადგენს. ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი 22 მარტს მოხდა, მას მოჰყვა აფეთქება მეტროშიც. შედეგად, ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.