თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები 3-4 წელიწადში "გაიჭედება"

მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებს პრობლემა არ ასცდებათ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არ არის გამორიცხული, ტურისტების მზარდ ნაკადს აეროპორტებმა 4-5 წლის მერე ვეღარ გაუძლოს. 20%-იანი ზრდის პირობებში კი თბილისის აეროპორტს პრობლემა მგზავრთა ტევადობის კუთხით, შესაძლოა, უკვე 2017 წელს დაუდგეს.

2010 წლიდან მოყოლებული დღემდე თბილისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა იზრდება. 2016 წლის პირველ ორ თვეში მათმა რაოდენობამ 234,347 შეადგინა. "რეზონანსი", ტენდენციის უკეთ შესაფასებლად, მგზავრთა ნაკადის ექვსი წლის მონაცემებს გაეცნო.

"ტავ ჯორჯიას" მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 2010 წელს 822 722 იყო, 2011-ში კი მათი რაოდენობა 28,7%-ით გაიზარდა (1 058 679 მგზავრი).

მგზავრების რაოდენობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდა 2012 წელს და მათმა რაოდენობამ 1 220 832-ს მიაღწია. ტენდენცია მზარდია 2013 წლიდან მოყოლებული 2015 წლამდეც. მაგალითად, 2013 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თბილისის აეროპორტში გადაადგილების მსურველთა რაოდენობამ 1 436 629-მდე მოიმატა, ხოლო 2014 წელს ეს ციფრი 1 574 707-მდე გაიზარდა. 2015 წელს მგზავრთა ნაკადმა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს - 1 847 463-ს მიაღწია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი წლიურად 2,8 მილიონ მგზავრზეა გათვლილი. ექსპერტები ზემოთ აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს გაეცნენ და პროგნოზიც გააკეთეს. ეკონომიკის ექსპერტის გიგა ბედინეიშვილის გათვლით, მგზავრთა ნაკადის 20%-იანი ზრდა გამტარიანობის პრობლემას უკვე მომავალ წელს წარმოქმნის.

"გააჩნია, რა ტემპით გაგრძელდება მგზავრთა რაოდენობის ზრდა. თბილისის აეროპორტში 2009-2012 წლებში წლიური ზრდა 30-50%-ში მერყეობდა. ბოლო წლებში ზრდა უფრო ნაკლებია, მაგრამ 10-15%-ში მაინც მერყეობს. ასეთ შემთხვევაში, აეროპორტის სიმძლავრე 2-3 წელი საკმარისი იქნება, მაგრამ 20%-იანი ზრდა უკვე 2017 წელს გამოიწვევს გამტარიანობის პრობლემას", - განუცხადა "რეზონანსს" გიგა ბედინეიშვილმა.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა ნიკო კვარაცხელიამ თბილისის აეროპორტის ტევადობის განხილვისას, უცხოეთის მაგალითები მოიშველია.

"ყველაზე მძლავრი აეროპორტი მსოფლიოში - ატლანტა - წელიწადში ემსახურება 96 179 000 მგზავრს, ხოლო მე-100 ადგილზე მყოფი ქალაქ ლისაბონის აეროპორტი - 18 142 000 მგზავრს. თბილისის აეროპორტი მხოლოდ 1 847 463 მგზავრს, ანუ თითქმის 10-ჯერ ნაკლებს ატარებს, ვიდრე ლისაბონი და 50-ჯერ ნაკლებს, ვიდრე ატლანტის აეროპორტი. მაგალითად, 2013 წლის მონაცემებით, ბაქოს აეროპორტი მოემსახურა 2 857 000 მგზავრს, 2015 წელს ერევნის აეროპორტი 1 879 687-ს. ამავე პერიოდში მინსკის აეროპორტით გადაადგილებულთა რაოდენობა 2 783 000 იყო. თბილისის აეროპორტი კი მხოლოდ 1 847 463 მგზავრს მოემსახურა", - აღნიშნა ნიკო კვარაცხელიამ და დასძინა, რომ ყველა გათვლით, თბილისის აეროპორტს პრობლემა გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით უახლოეს 5 წელიწადში არ შეექმნება.

ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ, თბილისის აეროპორტთან ერთად, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტის მდგომარეობაც შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ტურისტული პოტენციალი არის ძალიან მაღალი და ის, რაც დღეს არის ათვისებული, ზღვაში წვეთია.

კალანდაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გარკვეული წლების შემდეგ აუცილებლად დადგება აეროპორტის გადაიარაღების, ხელახალი პროექტის ინიცირების აუცილებლობის საკითხი. იგი ფიქრობს, რომ ამაზე მუშაობა უკვე დღეიდან უნდა დაიწყოს, რათა არ მოხდეს ფორსმაჟორული ვითარების შექმნა. მგზავრთა ნაკადის ეს რაოდენობა არის დადებითი, თუმცა იმავდროულად გარკვეული რისკის მატარებელიც.

"მერე უცებ არ უნდა გაგვახსენდეს, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა გასაზრდელია. ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, გარკვეული წლების შემდეგ (სავარაუდოდ 5 ან 8 წლის შუალედში) შეიძლება მართლაც დადგეს საკითხი გამტარუნარიანობის გაუმჯობესების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს, შესაძლოა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეფასდეს", - აცხადებს კალანდაძე.

2015 წელს თუ არ ჩავთვლით, მზარდია მგზავრთა ნაკადი ქუთაისის აეროპორტშიც. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აეროპორტმა 2012 წელს 12 916 მგზავრი მიიღო, 2013 წელს - 188 682, 2014 წელს მათი რაოდენობა 218 003-მდე გაიზარდა. წინა წლებისგან განსხვავებით, 2015 წელს მგზავრთა ნაკადი 182 003-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ტევადობას, ქუთაისის აეროპორტის მოცულობა წლის განმავლობაში დაახლოებით 450 000 მგზავრს შეადგენს.

გიგა ბედინეიშვილის თქმით, კოპიტნარის აეროპორტს, ალბათ, ორი-სამი წლის მერე დაუდგება ისეთივე პრობლემა, როგორც თბილისის აეროპორტს. მგზავრების რაოდენობის 15%-ით ზრდის შემთხვევაში, 4-5 წელი უპრობლემოდ იმუშავებს, მაგრამ 20% ან მეტი ზრდა ამ აეროპორტს 2019 წელს "გაჭედავს".

რაც შეეხება ბათუმს, "ტავ ჯორჯიას" მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აეროპორტმა 2014 წელს - 213 729, ხოლო 2015 წელს - 226 474 მგზავრი მიიღო. ბათუმის აეროპორტის ტერმინალი წლიურად 600 000 მგზავრზეა გათვლილი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, "ტავ ჯორჯიას" მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ქუთაისის და თბილისის აეროპორტში მიმომსვლელი საჰაერო ხომალდების და ავიაკომპანიების რაოდენობა მზარდია. მაგალითად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2012 წელს - 19 552, 2013 წელს - 20 388 საჰაერო ხომალდი მიიღო. 2014 წელს მათმა რაოდენობამ 20 608 შეადგინა, 2015 წელს კი ეს ციფრი 22 138-მდე გაიზარდა, ხოლო 2016 წლის ორ თვეში კი საჰაერო ხომალდების რაოდენობა 2 929 იყო.

ის, რომ მგზავრთა ნაკადის ზრდა უნდა გაგრძელებულიყო, როგორც ჩანს, ამაზე ხელისუფლებას "ტავთან" ხელშეკრულების განახლების დროს არ უფიქრია. როგორც "ტავ ჯორჯიას" დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო მეორე ასაფრენი ზოლის დამატება, თუმცა ხელმეორედ დადებულ ხელშეკრულებაში, ეს შეთანხმება გაუქმდა.

ექსპერტი ლევან კალანდაძე ფიქრობს, რომ "ტავთან" გაფორმებული ახალი ხელშეკრულება საავიაციო ბაზარის გააქტიურებას ხელს არ შეუშლის. ამის არგუმენტად მოჰყავს ეკონომიკის სამინისტროსა და თურქულ კომპანიას შორის კარგი კომუნიკაცია და ალტერნატივა, რაც ქუთაისის აეროპორტის სახით არსებობს. გამტარუნარიანობის ზრდის პერსპექტივა თბილისის აეროპორტსაც გააჩნია და ხელშეკრულება ამას ხელს არ შეუშლის.

"თბილისის აეროპორტი ისეა დაგეგმილი და დაპროექტებული, ლოკაცია ზოგადად ისეთია, რომ პრობლემას არ წარმოადგენს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა დამატებითი ინვესტიციების განხორციელების პირობებში. მე არ მგონია, რომ ეს იყოს გადაუწყვეტელი საკითხი.

აეროპორტის მგზავრთა გამტარუნარიანობის მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრამა შეიძლება შემუშავდეს", - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

მარიამ აფციაური

გაზეთი "რეზონანსი"