უკრაინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ვიზიტორები აჭარით ინტერესდებიან

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ვიზიტორები აჭარით ინტერესდებიან.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, აჭარის რეგიონისა და მისი ტურისტული პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "UITT-Kiev 2016", რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობას. რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სტენდში წარმოდგენილია აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინაში მარკეტინგულ კამპანიებს 2011 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წელს კი სარეკლამო კამპანიები უკრაინაში აპრილიდან იწყება, რაც გარე და ონლაინ რეკლამების გარდა, აჭარის შესახებ თემატური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონში 1,5%-ით მეტი უკრაინელი ტურისტი შემოვიდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბოლო წლებში, აჭარაში უკრაინელი ვიზიტორების მატება კიევსა და ბათუმს შორის არსებული ჩარტერული ფრენების დამსახურებაცაა. მიმდინარე წელს, ბათუმის მიმართულებით ფრენები უკვე განაახლა ავიაკომპანია "იან ეარმა", რომელმაც პირველი რეისი კიევი-ბათუმი 27 მარტს შეასრულა. ივნისიდან, კი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს ავიაკომპანია "დნეპრავია", რომელიც ჩარტერულ რეისებს ოდესიდან და დნეპროპეტროვსკიდან გეგმავს.