თბილისში 12 ადგილზე მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება

უახლოეს მომავალში თბილისში, 12 ადგილზე მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმნაიამ ბიზნესასოციაციასთან და ბიზნესმენებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესმენებისგან დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები მოისმენენ სხვადასხვა წინადადებებს და საკითხებს, რამაც შესაძლოა ბიზნესის პოლიტიკის კუთხით დედაქალაქის პოლიტიკა შეცვალოს. ნარმანიას თქმით, დღესვე ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება სხვადასხვა ტენდერებს.

"დღეს ვისაუბრებთ იმ პროექტსა და პროგრამებზე, რომელიც ქალაქის მასშტაბით ხორციელდება და მომავალშიც არის დაგეგმილი. ასევე განსაკუთრებით გავუსვამთ ხაზს იმ პროექტებს, რომელშიც ბიზნესს შეუძლია მონაწილეობის მიღება. იქ საუბარი იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ, არამედ საინვესტიციო პროექტებზე. უკვე გამოცხადებულია ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერებების საინვესტიციო ტენდერი, სადაც რეკლამით დაინტერესებულ კომპანიებს მონაწილების მიღება შეუძლიათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბიზნესმენებისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეობს.