ეგვიპტემ "ფეისბუქის" უფასო სერვისი Free Basics დაბლოკა

ეგვიპტემ "ფეისბუქის" უფასო სერვისი Free Basics მომხმარებელზე თვალთვალის უფლების მიუღებლობის გამო დაბლოკა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. კერძოდ, გავრცელებული ცნობით, ეგვიპტის მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ ეგვიპტეს არ მისცა უფლება, თვალთვალი განეხორციელებინა მომხმარებლებზე.

Free Basics ეგვიპტეში დაბალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის მუშაობდა. აღნიშნული სერვისის ფარგლებში ეგვიპტეში მომხმარებელს "ფეისბუქზე" იაფფასიანი კომპიუტერებისა და "სმარტფონების" საშუალებით დარეგისტრირება და უფასოდ შეზღუდული ინტერნეტმომსახურების მიღება შეეძლოთ.

ამ სერვისის დაბლოკვის გადაწყვეტილება ეგვიპტის მთავრობამ გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო, რის შემდეგაც მხოლოდ ერთ-ერთ მობილურ ოპერატორ კომპანიას მიეცა უფლება, ეს სერვისი მომხმარებლისთვის მხოლოდ ორი თვით გაეხადა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ კი მისი გამოყენება შეუძლებელი გახდა.

"ფეისბუქის" წარმომადგენლების განცხადებით, Free Basics-ის სერვისს გაუქმებამდე 3 მილიონზე მეტი ეგვიპტელი იყენებდა. რაც შეეხება "ფეისბუქის" მთავარ ვებგვერდს, მისი გამოყენება ეგტვიპტეში დღესაც შეიძლება.