ქართულ-შვეიცარიული საწარმო რაჭაში

რაჭაში, ონის რაიონ სოფელ შადომეთში ქართულ-შვეიცარიული საწარმო ,,ბლაუენშტაინ საქართველო” გაიხსნა.

კომპანია ადგილობრივ მესაქონლეებთან თანამშრომლობს. ,,ბლაუენშტაინ საქართველოს” გათვლებით, რაჭაში 30-მდე პარტნიორი ფერმა უნდა შეიქმნას. ამ დროისათვის კომპანიას სამ ადგილობრივ ფერმერთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. 2016 წლის შემოდგომიდან კი დამატებით 4 ფერმერთან აპირებს თანამშრომლობას.

ამჟამად ,,ბლაუენშტაინ საქართველოს” გეგმა განხორციელების სტადიაშია. ადგილობრივებს შესაძლებლობა ეძლევათ, ააშენონ შვეიცარიული ტიპის ფერმა, მიიღონ მესაქონლეობის მრავალდარგობრივი ცოდნა და გაამრავლონ საქონლის ახალი ჯიშები.

,,ბლაუენშტაინ საქართველომ” ხორცის პირველადი გადამუშავების საწარმო შექმნა. პროდუქცია საქონლის მოშენებიდან მოყოლებული, პირუტყვის დაკვლამდე მკაცრ კონტროლს გადის. გასულ წელს თბილისში კომპანიის საფირმო მაღაზიაც გაიხსნა. ადგილზე ხორც-პროდუქტები შვეიცარიული სტანდარტებით მზადდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციის წარმოება ქიმიური დანამატების გარეშე მიმდინარეობს და მასში შვეიცარიიდან ჩამოტანილი, ასევე ადგილობრივი წარმოების სუნელები გამოიყენება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე