Apple 40 წლისაა

მსოფლიოს წამყვანი კომპანია ტექნოლოგიების სფეროში Apple დღეს იუბილარია - კომპანიას დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა.

Apple-ის დაფუძნება სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა გუნდთან ერთად გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაწყვიტეს. კორპორაციამ ხანგრძლივი და რთული ისტორიის გზა გამოიარა, დღეს კი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ და მოწინავე კომპანიას წარმოადგენს.

ჯობსმა და ვოზნიაკმა Apple ოფიციალურად 1976 წლის 1 აპრილს დაარეგისტირეს და მალევე პირველი პროდუქტი - კომპიუტერი Apple 1 წარადგინეს, რომლის ღირებულება 666 აშშ დოლარი იყო.

კოპმპანიის შექმნისთანავე, ვოზნიაკმა და ჯობსმა ფუნქციები გაინაწილეს. ვოზნიაკი გუნდის „ტვინი“ იყო, ჯობსი კი მენეჯერი და მთავარი ორატორი.

სწორედ ვოზნიაკმა შექმნა Apple 1, ჯობსს კი ბაზარზე ახალი პროდუქტის წარდგენა დაევალა, რასაც წარმატებულად გაუმკლავდა.

1977 წლის ივნისში გაყიდვაში შევიდა Apple -ის რევოლუციური პროდუქტი, კომპიუტერი Apple II, რომელიც წარმოადგენდა პლასტიკურ კორპუსს, ფერად მონიტორს, კლავიატურასა და ხმის დინამიკებს, სადაც ვიდეომაგნიტოფონის შეერთება შეიძლებოდა.bpn

კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ბაზარზე Macintosh-ის კომპიუტერის გამოჩენა გახდა, რომლის შექმნის იდეა ჯეფ რასკინს ეკუთვნის. მისი ჩანაფიქრით, ეს უნდა ყოფილიყო ფართო მოხმარებისთვის განკუთვნილი ყველაზე მრავალრიცხოვანი პროდუქცია.

სტივენ ჯობსს იდეა იმდენად მოეწონა, რომ პროექტში აქტიური მონაწილეობა გადაწყვიტა. პირველი Macintosh-ი გაყიდვაში 1984 წელს გამოვიდა.

1985 წელს სტივენ ჯობსმა Apple დატოვა, 1987 წელს კი ანალოგიური გადაწყვეტილება სტივენ ვოზნიაკმა მიიღო.

90-იან წლებში კომპანიაში კრიზისი დაიწყო, პროდუქციის ფართო არჩევანის მიუხედავად, კომპანია წარმატებას ვერ აღწევდა. იმ პერიოდში დაიწყო Microsoft-თან ხანგრძლივი სასამართლო პროცესიც.

1997 წელს გადაწყდა კომპანია NeXT-ის შეძენა, სადაც იმ მომენტში ჯობსი მუშაობდა. ამ გადაწყვეტილებამ Apple გადაარჩინა, რადგან ჯობსი ხელმძღვანელ პოზიციებზე დაბრუნდა.

1998 წელს Apple-მა ბაზარზე მაკინტოშის განახლებული ვერსია iMac-ი წარადგინა, იმავე წელს გუნდს ტიმ კუკი შეუერთდა.

XXI საუკუნეში Apple-მა შეაბიჯა ცნობილი პლეერის iPod-ის გამოშვებით.

„1 000 სიმღერა თქვენს ჯიბეში“, - ეს იყო სტივენ ჯობსის გამოგონილი სლოგანი Apple-ის პორტატული პლეერების პირველი თაობისთვის.

მაშინვე ჯობსმა გადაწყვიტა, გაეხსნა ბრენდული მაღაზია მხოლოდ Apple-ის მოწყობილობებისთვის. 2011 წელს გაიხსნა პირველი ორი Apple Store-ი. ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ ეს იდეა კრახით დასრულდებოდა, მაგრამ მათი პროგნოზი არ გამართლდა.

Apple-თვის გადამწყვეტი 2007 წელი გახდა, როცა პირველი iPhone გამოვიდა. სტივ ჯობსი ამბობდა, რომ გუნდმა თითქოს ტელეფონი ხელახლა გამოიგონა. ჟურნალ Time-ის ვერსიით, iPhone წლის გამოგონება გახდა.

დღეს კორპორაცია Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა 570 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალიზაციით. სტივ ჯობსის ბიოგრაფიასა და წარმატების ისტორიას კი არაერთი წიგნი მიეძღვნა.

Apple-მა 40-წლიანი ისტორიის განმავლობაში არამხოლოდ სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებას შეუწყო ხელი, არამედ შექმნა საკუთარი სუბკულტურა და ფილოსოფია - სწორედ ის, რაზეც სტივ ჯობსი ყოველთვის ოცნებობდა.

იხილეთ ასევე: წარმატების წესები სტივ ჯობსისგან