ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 4 აპრილს, ბუკიას ბაღში, მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი გასტერილებული, იდენტიფიცირებული და ვაქცინირებული ლეკვების გაჩუქების აქციას მართავს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ღონისძიება მიძღვნილია უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღისადმი, რომელსაც მსოფლიო 2011 წლიდან, ყოველ 4 აპრილს აღნიშნავს.

მათივე ინფორმაციით, გაჩუქების აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობადი სახეები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ვოლონტიორები. დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და მოქალაქეებს გაეწევათ სხვადასხვა სახის კონსულტაცია ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვისა და ჰუმანური მოპყრობის დანერგვის მიმართულებით, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების პოპულაციის მართვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.