14 წლის ტყუპი ძმების გამოგონება, რომელიც გაზის გაჟონვისგან, ხანძრისგან და ჰაერის დაბინძურებისგან დაგიცავთ

14 წლის ტყუპი ძმები, გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილები პატარა გამომგონებლები არიან.

მათი ჰაერის გამწმენდი სისტემა - ACS (Air Cleaning System), აფიქსირებს ჰაერში გაზის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს, თუ მდგომარეობა ცდება ნორმალურ პირობებს, მაშინ ავტომატურად ირთვება შესაბამისი გამწოვი და გამწმენდი სიტემები, მფლობელს კი ტელეფონზე მისდის შეტყობინება, თუ რა მდგომარეობაა მოცემულ ადგილას.

ბიჭები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები არიან, ამასთან "იუჯი ლიმესის" რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემიაში სწავლობენ. ორი წლის განმავლობაში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ტყუპებს ტექნიკური მეცნიერებების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით აპირებენ. თუმცა, კონკრეტული გეგმები ჯერჯერობით არ აქვთ. ცოტა ხნის წინ, მათმა გამოგონებამ ტექნოლოგიურ პარკში გამართულ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკურ ტურში გაიმარჯვა. უფრო დეტალურად პროექტის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილები AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"ჩვენი შექმნილი სისტემის მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერ შენობაში აღმოაჩინოს ბუნებრივი აირის გაჟონვა და მიიღოს შესაბამისი ზომები. კერძოდ, გაწმინდოს დაბინძურებული ჰაერი, ჩართოს სიგნალიზაცია, გადაკეტოს ბუნებრივი აირის წყარო და ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნოს. სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნას საცხოვრებელ სახლში, საწყობში და ყველა სხვა ადგილას, სადაც მნიშვნელოვანია მდგომარეობის კონტროლი", - გვეუბნება გიორგი.

სისტემის პროტოტიპი უკვე შექმნილი და გამოცდილია. მისი აწყობა ბიჭებს 85 აშშ დოლარი დაუჯდათ. ტყუპი ძმები ინჟინერ გურამ ჩაგანავასთან ერთად სამომავლოდ მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე გააგრძელებენ მუშაობას. სისტემაზე დამონტაჟდება ეკრანი, რომელზეც განთავსდება მენიუ. ხელსაწყოს დაბინძურების სიმძლავის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება. ბიჭები გამოგონების დაპატენტებასაც გეგმავენ.

ამ ეტაპზე ხელსაწყოს ჰაერში მტვრის, ორთქლისა და კვამლის დონის განსაზღვრაც შეუძლია. თუმცა ამ შემთხვევაში, ის ავტომატურად მხოლოდ ჰაერის გამწმენდ სისტემას რთავს. როგორც პატარა გამომგონებლებმა აგვიხსნეს, ამის მიზეზი არის ის, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა უფრო სახიფათოა და სისტემა მხოლოდ მისი აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს რეაგირების მაქსიმალურ საშუალებებს.

ჰაერის გამწმენდი სისტემის პროექტით გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალშიც გადავიდნენ, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო ფინალისტთა სამეულში ვერ მოხვდნენ. მე-9 კლასის მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მსგავსი კონკურსები სკოლის მოსწავლეებს დიდ სტიმულს აძლევს და ახალგაზრდა თაობას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ეხმარება.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE