დიდუბის რაიონში 348 130 ლარი 43 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა

დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 99,5% შესრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან 348 130 ლარი 43 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა, მათ შორის: 12 მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეკეთდა, 9 ობიექტზე შეიცვალა ლიფტი, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, დომოფონისა და მეტალის კარის მონტაჟი ასევე 9 მისამართზე განხორციელდა, ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა 1 მისამართზე, ხოლო რაც შეეხება საერთო სარგებლობის კიბეების, სართულშუა ნაპრალებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 5 მისამართზეა დასრულებული.

"თბილისის მთავრობის ინიციატივით, თანადაფინანსებული პროექტების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, თანადაფინანსებული პროექტების პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაიკლო. აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.