კომუნიკაციების კომისიამ შპს "ახტელს" ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს "ახტელს" ელექტრონულ-საკომუნიკაციო კანალიზაციის თავისუფალ არხებთან სს "სილქნეტის" დაშვების შესაძლებლობის და ამ მომსახურების ტარიფის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს შორის წარმოქმნილ დავებს კომისია განიხილავს. ადმინისტრაციულ წარმოებას სს "სილქნეტის" განცხადება დაედო საფუძველად. კომპანია შპს "ახტელის" ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების უზრუნველყოფის პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებას ხდიდა სადაოდ.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, საქმესთან დაკავშირებით არსებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს "ახტელს" ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან სს "სილქნეტის" დაშვების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაცია სრულყოფილად ჰქონდა მიწოდებული. ამიტომ, კომპანიამ კომისიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოუდგინოს კომისიას და მოდავე მხარეს სს "სილქნეტს" ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ ინფორმაცია და ასევე, ამ მომსახურების მისაღებად დადგენილი ტარიფი.