ონლაინ სესხების ასოციაციის თავმჯდომარემ პოსტი დატოვა

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარე საკუთარ პოსტს ტოვებს.

დავით კიკვიძე საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარემ ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

”ბოლო დროს ონლაინ სესხების გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, როგორც ასოციაციის თავმჯდომარეს, ბევრი ჟურნალისტი დამიკავშირდა კომენტარის გასაკეთებლად, სწორედ ამის გამო გადაწყვიტე გავაკეთო მცირე განცხადება: მიმიდნარე ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობა, რადგან ასოციაციის წევრების გადაწყვეტილებით ასოციაცია გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმში, სადაც ასოციაციას აღარ ეყოლება თავმჯდომარე. მომავალში რა ფორმით გააგრძელებს ასოციაცია საქმიანობას ჩემთვის უცნობია. თუმცა მიუხედავად ამისა მინდა წარმატება ვუსურვო ასოციაციას, რადგან მჯერა რომ, თუ მისი საქმიანობა, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს, იქნება სწორი და მიზანმიმართული საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობისკენ, ის გახდება ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ონლაინ სესხების ორგანიზაციები უფრო გამჭვირვალეები გახდნენ თავის საქმიანობაში, უფრო ახლოს იყვნენს საზოგადოებასთან და სრულფასოვნად გაიზიარონ ის საკითხი რასაც ჰქვია სოციალური პასუხისმგებლობა”, - წერს დავით კიკვიძე.

ონლაინ სესხების ასოციაცია 2016 წლის დასაწყისში დაფუძნდა და მისი მიზანი მომხმარებელთან კომუნიკაცია და ინფორმირება ონლაინ სესხების პროდუქტის შესახებ, ნდობის დამყარება მოსახლეობასა და ონლაინ სესხების ორგანიზაციებს შორის და როგორც მომხმარებლების, ასევე ონალინ სესხების ორგანიზაციების უფლებების დაცვაა.