ქართული წარმოების ხის სათამაშოები მალე სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდება

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია ,,ჯეო თოიზ” წარმოების გაზრდასა და სარეალიზაციო ბაზრის გაფართოებას აპირებს. როგორც კომპანიის დირექტორმა დავით კაციტაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, საწარმოში 200 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

,,მიმდინარეობს მოლაპარაკებები საწარმოს გადაიარაღებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, სექტემბრისთვის უკვე შევძლებთ გაფართოებას და ქართული წარმოების ხის სათამაშოები სამომხმარებლო ბაზარზეც გამოჩნდება”, - აღნიშნა დავით კაციტაძემ.

მისი თქმით, კომპანია აქცენტს ადგილობრივ ბაზარზე აკეთებს, თუმცა მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება. ,,ჯეო თოიზ” ქართული წარმოების ხის სათამაშოებს მეზობელ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში გაიტანს. კომპანიას შესაბამის სერთიფიკატზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, მოთხოვნა ადგილობრივ თუ საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ დიდია, თუმცა წარმოების სიმცირის გამო სათამაშოები ამ ეტაპზე მხოლოდ ბრენდირებულ მაღაზიებში იყიდება. დავით კაციტაძის განცხადებით, ქართული წარმოების ხის სათამაშოები ხარისხიან იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით 20-30%-ით იაფია.

საწარმო 2015 წლის შემოდგომაზე დაფუძნდა. დასაწყისში მასში 35 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ,,ჯეო თოიზ” თბილისში მდებარეობს. კომპანიაში ამჟამად 12 ადამიანია დასაქმებული.

ქრისტინე გამთენაძე