მერიასთან თბილისის რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისის მერიასთან ქალაქის რეკრეაციულ ზონებში მშენებლობების აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრი "მედიატორის" დამფუძნებელმა გივი კუბლაშვილმა განაცხადა, რომ აპირებენ მიმართონ პროკურატურასა და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიას, დაიწყონ გამოძიება თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის საკრებულო სამშენებლო ტერიტორიაზე მშენებლობის დასაშვებ კოეფიციენტებს ზრდის და ამის საფუძველზე მერია მშენებლობის მოცულობის გაზრდაზე გასცემს თანხმობას.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ ფაქტები როდესაც მაღალი თანამდებობის პირებს მერიამ მისცა ნებართვები მშენებლობებზე და ამავე დროს მშენებლობების კოეფიციენტიც კი გაუზარდა. მაგალითად, კალაძის მოთხოვნის შედეგად, მის მშენებლობაზე გაცემული კ2 კოეფიციენტი გაიზარდა კ5,2 კოეფიციენტამდე. არის ასევე შემთხვევა შოთა ხაბარელთან დაკავშირებით, კერძოდ, რესტორანი "შობა" ვაკის პარკის მოპირდაპირედ მდებარეობს, რესტორნის ადგილზე შენდება 19 სართულიანი კორპუსი, აქაც გაზრდილია კოეფიციენტი. ტყემალაძეებს კი, "მზიურის" შესასვლელში მისცეს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. აღარ მაქვს საუბარი ჯაბა სამუშიაზე, რომელსაც თბილისში არ არსებობს მშენებლობა, სადაც ერთი ბინა არ ჰქონდეს თავისთვის მორგებული. ჩვენ ვაპირებთ ამაზე მივმართოთ პროკურატურასა და საკრებულოს სარევიზიო კომისიას", - განაცხადა ორგანიზაცია "მედიატორის" წარმომადგენელმა გივი კუბლაშვილმა.