ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ფინანსური კრიზისი აქვს

ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ინფორმაციას ამის შესხებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კოალიციის მიერ ნავთობისა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებულმა ავიაიერიშებმა, დაჯგუფებას ფინანსური პრობლემები შეუქმნა, რის გამოც დაჯგუფება თავის მებრძოლებს ხელფასებს ვეღარ უხდის და ახალ ოპერაციებს ვეღარ იწყებს.

„ამ ფონზე ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ მეთაურებს შორის კონფლიქტები წარმოიშვა - ისინი ერთმანეთს კორუფციაში, ქურდობასა და სუსტ მენეჯმენტში ადანაშაულებენ“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

გამოცემის ინფორმაციით, ფინანსური პრობლემების გამო სირიასა და ერაყში მებრძოლ ბოევიკებს ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხელფასები ორჯერ შეუმცირა, ზოგიერთებს კი რამდენიმე თვეა არ აუღიათ კუთვნილი ანაზღაურება.

„დაჯგუფების წევრები სულ უფრო მეტად ღიზიანდებიან. ზოგიერთი მათგანი ან საერთოდ ვერ იღებს ხელფასს ან იმაზე ნაკლებს, ვიდრე ეკუთვნის. ყველა, ვისთანაც კონტაქტი მაქვს, ამბობს, რომ გაქცევა უნდა, თუმცა არ იციან, როგორ“, - აღნიშნავს აბუ სარა, ერაყელი ინჟინერი, რომლის მეგობრები და ნათესავები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები არიან.

ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა აცხადებს, რომ გადასახადები გაუზარდეს, რითაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ დამატებითი თანხების მიზიდვას ცდილობს.

„ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სანავთობო ბიზნესით მიღებული შემოსავალი 50%-ით შემცირდა. თუმცა, მათი ფინანსური კრიზისი ამ ეტაპზე არ არის ისეთი მასტაბების, რომ დაჯგუფების დაშლა გამოიწვიოს. მათ კონტროლ ქვეშ ჯერაც არის სირიის ნავთობობიექტების 60% და ერაყის ნავთობობიექტების 5%“, - აღნიშნავს გამოცემასთნ საუბრისას ერაყელი სამხედრო ანალიტიკოსი ჰიშა ალ-ჰაშიი.

გასულ წელს ბრიტანული გამოცემა The Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ნავთობის გაყიდვით ყოველთვიურად 50 მილიონ დოლარს იღებს.