მერია საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში 1 446 ბავშვის სწავლებას აფინანსებს

თბილისის მერია საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში ყოველთვიურად 1 446 ბავშვისა და მოზარდის სწავლებას აფინანსებს, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი "სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსების" ქვეპროგრამის მიდინარეობის პროცესის გასაცნობად ერთ-ერთ საცურაო აუზს ეწვია.

მერიის ინფორმაციით, ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ქვეპროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 726 500 ლარია, რაც თვეში მაქსიმუმ 1446 ბავშვისა და მოზარდის დაფინანსებას ხმარდება.

პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით თბილისის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომელთაც საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დასაფინანსებლად თითო სახეობის არჩევის უფლება აქვთ. თბილისის მერია საცურაო აუზებში ერთი ბავშვის სწავლებას თვეში 70 ლარით აფინანსებს, ფეხბურთს - 50 ლარით, ტანვარჯიშს - 35 ლარით, ხოლო სხვა სახეობებს - 30 ლარით.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერიის ქვეპროგრამის ფარგლებში, საცურაო აუზში "Sport Time", თვეში სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 116 ბავშვის სწავლება ფინანსდება. აღნიშნული საცურაო აუზის გარდა, თბილისში ბავშვებს 5 საცურაო აუზი ემსახურება, რომელსაც პროგრამაში ჩართვის მსურველები თავად ირჩევენ. სულ საცურაო აუზებში თვეში მაქსიმუმ 700 ბავშვის სწავლება ფინანსდება.