"ბანკი რესპუბლიკა" სკანდალში ეხვევა

გავრცელებული ინფორმაციით, "ბანკი რესპუბლიკას" თანამშრომელმა, ამავე ბანკის ერთ-ერთ მეანაბრის კუთვნილი დეპოზიტიდან თანხა უცხოეთში, სავარაუდოდ საკუთარ ანგარიშზე მიმართა და მიიმალა. ამ შემაშფოთებელი და თავისი არსით კრიმინალური ისტორიის დეტალები, რაზეც საბანკო სისტემის კულუარებში, როგორც აღმოჩნდა, თვეზე მეტია საუბრობენ, ასეთია: ერთ-ერთმა შეძლებულმა ადამიანმა, თავისი ახლობლის რეკომენდაციით (როგორც ირკვევა და ამბობენ, მეზობლის), რომელიც "ბანკი რესპუბლიკას" თანამშრომელი იყო, მის ხელთ არსებული სოლიდური მოცულობის თანხა "ბანკი რესპუბლიკას" ანაბარზე შეიტანა. საუბარია 950 000 აშშ დოლარზე. დეპოზიტს ყოველთვიური სარგებლის სახით 5 000 აშშ დოლარამდე უნდა დარიცხვოდა. პირველი სამი თვის განმავლობაში, მეანაბრეს მართლაც ერიცხებოდა სარგებელი, შემდეგ კი ეს პროცესი შეწყდა.

როგორც ირკვევა, სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა იგი ვითარებით, მიმართა ბანკს და აღმოჩნდა, რომ 950 000 დოლარი მის ანაბარზე აღარ იყო. შემდგომ, როგორც იტყვიან, როგორც კინოში, - გაირკვა, რომ მისსავე რეკომენდატორსა და მეზობელსა და ახლობელს, რომელსაც გაუკრვეველია რატომ, მაგრამ, როგორც ჩანს, კლიენტის ანგარიშზე სრული წვდომა შეეძლო, ანგარიშიდან 950 000 დოლარი მოუხსნია, საკუთარ ანგარიშზე გადაურიცხავს უცხოეთში და შემდეგ თავადაც გასულა საქართველოდან.

ასეთია ამ საბანკო დრამის გავრცელებული ვერსია. ისტორიაში უკეთ და უფრო დეტალურად გარკვევის მიზნით, "ბანკები და ფინანსები", ბუნებრივია, "ბანკი რესპუბლიკას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. მისმა ხელმძღვანელმა, შოთა მაჭავარიანმა კითხვაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს, განაცხადა, რომ ამ ისტორიის შესახებ მასაც სმენია, თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ ჭორია და შეუძლებელია "ბანკ რესპუბლიკაში" რომელიმე თანამშრომელს მოეხერხებინა მეანაბრის ანგარიშზე წვდომა და იქიდან რაიმე ტრანზაქციის შესრულება.

ბანკის პოზიცია ასეთია და ბუნებრივია, სხვა პასუხი მოსალოდნელი არც იყო, ვინაიდან ფაქტობრივად წარმოუდგენელია მსგავსი ფაქტი რომელიმე ბანკმა აღიაროს. ასეთია საბანკო დანაშაულობებში სიცხადის შეტანა-არშეტანის პრაქტიკა ჩვენში. საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი დედაქალაქი, თბილისი, შესაბამისად, პატარა ქალაქია და ინფორმირებულმა და დაინტერესებულმა საზოგადოებამ კარგად იცის, როდის, სად და რა მასშტაბით მომხდარა მსგავსის ისტორიები ახლო წარსულში. ასეთი საქმეები ყოველთვის ჩაფარცხულა და ამა თუ იმ კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად სისტემის რეპუტაციის შელახვის არდაშვების მიზნით, ოფიციალურად მათ შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკა მანკიერია. ასე არ იქცევიან ცივილიზებულ დასავლეთში, სადაც ფულის ყადრიც უკეთ იციან და რეპუტაციისაც. მსგავსი კრიმინალური ისტორიებიდან სოლიდური ფინანსური ინსტიტუტები გაძლიერებულებიც კი გამოდიან, როცა ჩუმად კი არ ანაზღაურებენ ზარალს, არამედ ბოდიშს იხდიან და უსაფრთხოების სისტემებს ხვეწენ და აძლიერებენ. აქ, რა თქმა უნდა, მარეგულირებლის, ჩვენს შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მხრიდან, მიდგომასა და მის პრინციპულობაზეც ბევრია დამოკიდებული.

მსგავსი სცენარის ისტორია ვრცელდება "კორ სტანდარტ ბანკზეც", უახლოეს ნომრებში "ბანკები და ფინანსები" მკითხველს უფრო დეტალურად გააცნობს, როგორც ზემოთ მოთხრობილი, ისე "კორ სტანდარტბანკში" განვითარებული ისტორიის დეტალებს.

ცნობისთვის, - საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები დაახლოებით 15 მლრდ ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მოსახლეობის მხრიდან საბანკო სისტემისადმი საკმაოდ ნდობაზე მიუთითებს. ბანკი, თავისი არსით, პირველ რიგში, ნდობის ინსტიტუტია...

გიორგი კაპანაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"