"ბანკი რესპუბლიკა" მედიით  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

“ბანკი რესპუბლიკა“ კატეგორიულად უარყოფს კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას ბანკის თანამშრომლის მიერ მეანაბრის კუთვნილი ანგარიშიდან თანხის მოხსნისა და საკუთარ უცხოურ ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ.

როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” ბანკი ,,რესპუბლიკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შოთა მაჭავარიანმა განუცხადა, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. მისი განმარტებით, საბანკო სისტემაში ამ ტიპის მანიპულაციის ფარულად განხორციელება შეუძლებელია.

,,რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, რადგან ეს არის აგორებული ჭორი. ფიზიკურად შეუძლებელია და გამორიცხულია, რომ ერთ რომელიმე თანამშრომელს ფული მეანაბრის ანგარიშიდან მოეხსნა. ამ სიცრუეს არ დაიჯერებს არავინ, ვისაც როდესმე რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონია საბანკო სფეროსთან”, - განაცხადა შოთა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საბანკო სფეროს დაცვის მექანიზმები მსგავსი მანიპულაციების განხორციელებას გამორიცხავს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბანკი რესპუბლიკას" თანამშრომელმა, ამავე ბანკის ერთ-ერთ მეანაბრის კუთვნილი დეპოზიტიდან თანხა უცხოეთში, სავარაუდოდ, საკუთარ ანგარიშზე მიმართა და მიიმალა. საუბარია 950 ათასი დოლარის ოდენობის თანხაზე.

ქრისტინე გამთენაძე