დიმიტრი ქუმსიშვილი - წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის მარტში ტურიზმმა საქართველოს 38 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მშენებარე სასტუმრო „რიქსოსში“ სტატისტიკის წარდგენისას განაცხადა, წინასწარი გათვლებით, მიმდინარე წლის მარტში ტურიზმმა საქართველოს წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 38 მილიონ ლარზე მეტი მოუტანა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 შეადგინა და 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია.

რაც შეეხება გასულ თვეს, 2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 450 875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ია. მარტის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათზე მეტი დაჰყვეს საქართველოში, 170 281 შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტის თვეში ამ რაოდენობის ვიზიტორები არ დაფიქსირებულა ამ დრომდე.

„ჩვენ შევაჯამეთ 2015 წელი. მართალია, 2015 წლის ვიზიტორების რაოდენობა პირველ იანვარს ცნობილი იყო და ეს იყო 5 900 000 ვიზიტორი, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დაზუსტებით გადათვალა ის შემოსავალი, რომელიც მივიღეთ 2015 წლის მანძილზე ტურიზმიდან და ეს ციფრია 1 935 000 000 დოლარი, რაც არის 148 მილიონი დოლარით უფრო მეტი, ვიდრე ეს 2014 წელს გვქონდა. სასიხარულოა ასევე ისიც, რომ 2016 წლის მარტის თვეში გვქონდა 16,7%-იანი ზრდა საერთაშორისო ვიზიტორების მიმართულებით, ხოლო ტურისტების მიმართულებით ეს არის 24,8%-იანი ზრდა. იმ მეთოდოლოგიით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ წინასწარი გათვლებით, მიმდინარე წლის მარტის თვეში ტურიზმმა საქართველოს 38 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით, 87 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალია ტურიზმიდან წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით.

მონაცემების შეჯამებისა და სტატისტიკის წარმოდგენის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მშენებარე სასტუმრო „რიქსოსი“ დაათვალიერეს.