ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 3 თვეში სოციალურ პროგრამებზე 377 573 ლარი დახარჯა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სოციალურ პროგრამებზე კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებით, გამგეობისა და საკრებულოს მიერ მოქალაქეთა დასაფინანსებლად 377 573 ლარია დახარჯული.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში გამგეობის სოციალურმა სამსახურმა 240 161 ლარი გასცა, ხოლო მოქმედი 16 პროგრამის მიხედვით, დახმარება გაეწია 757 მოქალაქეს.

გამგებლის განმარტებით, გამგეობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა სტაციონარულ და მედიკამენტოზურ მომსახურებას, ასევე ეხმარება 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულთა და დედ-მამით ობოლ ბავშვებს.

”ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვლისწინებს, დახმარება გაუწიოს როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ისე რაიონის ნებისმიერ მცხოვრებს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიღებისათვის თანადგომას უწევს მოსახლეობას.

მონაცემების მიხედვით, 3 თვის განმავლობაში ადგილობრივი საკრებულოს მიერ გამოყოფილი 137 412 ლარით დახმარება გაეწია 453 მოქალაქეს”, - აცხადებენ გამგეობაში.