დიმიტრი ქუმსიშვილი - ”თბილისის რიქსოსი” სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობის კარგი მაგალითია

”თბილისის რიქსოსი” არის კარგი მაგალითი სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა მშენებარე სასტუმრო ”თბილისი რიქსოსში” ტურიზმის შესახებ მონაცემები შეაჯამა, რის შემდეგაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად სასტუმრო დაათვალიერა და მშენებლობის პროცესს გაეცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, წლის ბოლოს თბილისს კიდევ ერთი უმაღლესი დონის სასტუმრო ექნება.

”თბილისის რიქსოსი” იქნება უმაღლესი კლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც იქნება როგორც შიდა უნიკალური დიზაინით, ასევე გარე უნიკალური გაფორმებით.

ეს არის კარგი მაგალითი სახელმწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პროექტს ჩავარდნა ემუქრებოდა, თუმცა სწორი მოლაპარაკებით და ხელშეკრულების სწორად გაგრძელებით, დღეს ჩვენ ვიღებთ შედეგს. წლის ბოლოსთვის პარტნიორები დაასრულებენ სასტუმროს და გვექნება კარგი სასტუმრო რუსთაველის გამზირზე”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.