გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას

საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმ საკითხზე საუბრისას განაცხადა, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველომ ბუნებრივი აირის სექტორში აზერბაიჯანთან გრძელვადიანი ურთიერთობის გადახედვა და რა დგას ამის უკან - პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზები. მისი თქმით, 2030 წლამდე, ”სოკართან” 2016 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთკავკასიის გაზსადენის მეშვეობით 500 მილიონი კუბომეტრი გაზი დამატებითად მიეწოდება „სოციალურ“ სექტორს.

”საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას. ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 20 წლის წინ დაიწყო, როცა წარმატებით განხორციელდა ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პროექტები, მაგალითად, ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი. რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე გაზის 90 პროცენტის მიწოდებას. შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოს უზრუნველყოფს გაზის დამატებითი ოდენობით, რასაც საფუძვლად უდევს კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები. მანამდე კი, 2030 წლამდე, ”სოკართან” 2016 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთკავკასიის გაზსადენის მეშვეობით 500 მილიონი კუბომეტრი გაზი დამატებითად მიეწოდება „სოციალურ“ სექტორს (მეურნეობები და ელექტროენერგიის თერმული გამომუშავება). კომერციულ სექტორში არ მოქმედებს საკანონმდებლო შეზღუდვები და კომერციულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიმწოდებლის არჩევა კომერციული პირობების საფუძველზე”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს თარგმანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.