ჩინეთი მზად არის საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის

პეკინში ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.

”ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ კონსულტაციები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წელს გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას. მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო შეხვედრების რეგულარული ხასიათის თაობაზე და დაიგეგმა შესაბამის სამოქმედო გეგმასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უახლოეს მომავალში გაფორმება. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მხარეს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების წახალისების კუთხით”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.