სემეკმა მოქალაქეებს 240 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 240 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

როგორც სემეკში აცხადებენ, დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომლებიც ძირითადად, ხანდაზმულ დავალიანებებს შეეხებოდა.

მათივე ინფორმაციით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 241 672 ლარი შეადგინა.

ხანდაზმულ დავალიანებად ითვლება ისეთი ტიპის დავალიანება, რომლის მოთხოვნაზე უფლების წარმოშობიდან გასულია 3 წელზე მეტი. აღნიშნული ვადა დავალიანების ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში გამანაწილებელ კომპანიას შეუძლია მოქალაქეს (აბონენტს) მოსთხოვოს მისი გადახდა. თუმცა, თავის მხრივ მოქალაქეს შეუძლია არ გააფორმოს კომპანიასთან ხელშეკრულება, ხანდაზმული დავალიანების აღიარებასთან დაკავშირებით, მიმართოს სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს შესაბამისი განცხადება/საჩივრით და კომისია იმსჯელებს ასეთი სახის დავალიანების ჩამოწერის საკითხზე. ამასთან, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად, ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, გამანაწილებელ კომპანიას უფლება არ აქვს, აბონენტს შეუწყვიტოს კონკრეტული მომსახურების მიწოდება.

ხანდაზმული დავალიანების არსებობა კონკრეტული აბონენტის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ აბონენტმა არ უნდა გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების მიმდინარე გადასახადი.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.