„მერია ტაქსების რეგულაციას კი არა, ტაქსების რევოლუციას მიიღებს“

ჯერ მინიციპალური ტრანსპორტი უნდა განავითარონ და მერე გადავიდნენ ტაქსების რეგულირებაზე.

თბილისში ტაქსების სიმრავლე არავის უკვირს, საცობების არსებობაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ათი ავტომობილიდან ხუთი მაინც, ტაქსია. სწორედ ამიტომ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა, რომ დედაქალაქში ტაქსების რეგულაცია აუცილებელია. მერის თქმით, „ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას… ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული“. მერიაში უკვე შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტებთან ერთობლივი განხილვის შემდეგ საბოლოო სახეს მიიღებს. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი მგზავრისა და მძღოლის უსაფრთხოების დაცვაა.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფითად აფასებენ ტაქსის მძღოლები:

ნიკო ნ. - „ჩემი ოჯახის ერთადერთი იმედი ეს მანქანაა. მართალია, ძველია და ყველაფერი რიგზე არა აქვს, მაგრამ ჩემს ცოლ-შვილს ეს ინახავს. „ტაქსაობის“ უფლება რომ ჩამომართვან, არ ვიცი რა გზას დავადგები. ჩემს მდგომარეობაში ათასობით ადამიანია და თუ მერია ჩვენს ინტერესებს არ გაითვალისწინებს, ტაქსების რეგულაციას კი არა, ტაქსების რევოლუციას მიიღებს“, - გვითხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მოსალოდნელ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს არასამთავრობო სექტორიც. მათ შორის არის შპს „ეკოტრანსპორტცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ტაქსებზე რეგულაციის დაწესება ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა:

-ბატონო ვასილ, თუ არსებობს დაახლოებითი მონაცემები, რამდენი ტაქსია დღეს საქართველოში?

- ტაქსების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ასეთი სტატისტიკა არც თბილისში არსებობს და არც საქართველოში, თუმცა, სხვადასხვა გამოთვლებით მათი რიცხვი მარტო თბილისში 50 ათასიდან 60 ათასამდე მერყეობს.

- თქვენ ამბობთ, რომ ამ ეტაპზე ტაქსების რეგულაციის შემოღება ნაადრევია. რატომ?

- იმ ფონზე, როდესაც თბილისში არის უამრავი პრობლემა და ეს პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ ტრანსპორტის დარგში იგრძნობა, რეგულაციების შემოღება მართებულად არ მიმაჩნია. მხოლოდ რამდენიმე გადაუჭრელ პრობლემას დავასახელებ: საგზაო ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართაობა, პარკინგის პრობლემა, არ მოწმდება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები, პრობლემა გვაქვს მუნიციპალურ ტრანსპორტშიც: ყვითელი მიკროავტობუსები, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის, კუსტარულად გადაიყვანეს ფეთქებადსაშიშ ნივთიერებაზე და დღეს ჩვენი მოსახლეობა გადაადგილდება ტრანსპორტით, რომელიც მგზავრთა უსაფრთხოების მხრივ კატასტროფულ მდგომარეობაშია. ამ მიკროავტობუსების ძრავიც კუსტარულია და მათში ძველი, ამორტიზებული, რუსული მეტალის ბალონებია დამონტაჟებული, რაც უბედური შემთხვევის დროს ძალიან საშიშია. ქუჩები გაუვალია, რადგან ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებენ და აღარ ამთავრებენ და ამ ყველაფერზე მერია ყურადღებას არ ამახვილებს. ასეთი მენეჯმენტის პირობებში კერძო სექტორის რეგულაციებზე და შეზღუდვაზე ფიქრიც კი დაუშვებლად მიმაჩნია. მერია ცდილობს რაღაც რეგულაციებით მოაწესრიგოს ეს სფერო, რაც ბევრს ვერაფერს შეცვლის, მით უმეტეს, რომ ჩვენთან არ მოქმედებს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება.

- ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ უამრავი ტაქსი მართლაც მოძველებული და მოუწესრიგებელია.

- დიახ და ამას მხოლოდ თბილისელები კი არა, უცხოელებიც ამჩნევენ. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტაქსების სერვისი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რომ მძღოლების მომსახურების ხარისხი ძალიან დაბალია, მათ არ იციან ელემენტარული, საკომუნიკაციო უცხო ენა, ტაქსებში არ არის დაცული სანიტარული ნორმები - ეს ყველაფერი ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რომელსაც ტურიზმის განვითარება სურს.

- თქვენი აზრით, რეგულაციის გარეშე როგორ მოხერხდება ამ პრობლემების გამოსწორება?

- ამისათვის არ არის საჭირო რეგულაციები, ისეთი სერვისი უნდა შეიქმნას, რომელიც ამ სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს სურს შექმნას კომპანია და ამ დარგში დასაქმდეს, მაგრამ ისინი სხვა მოთამაშეებთან ერთად თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყონ. ისინი გადასახადებს იხდიან და კონკურენციას ვერ უწევენ კერძო პირებს, რომლებიც არანაირ გადასახადს არ იხდიან და უფრო მომგებიან მდგომარეობაში არიან. მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ტაქსი ყველაზე ნორმალური ტრანსპორტია თბილისში, რადგან ავტობუსები ამორტიზებული და გადატვირთულია, ამავე დროს ტექნიკურად გაუმართავი, ასევე გადატვირთულია მიკროავტობუსებიც, არანაკლები დისკომფორტი ხვდება ადამიანს მეტროში, რომლის უსაფრთხოებაც ძალზე მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ყველაზე უკეთესი საშუალება მაინც ტაქსია. ამიტომ, ეს ხალხი კი არ უნდა შებოჭონ, უნდა წაახალისონ, ხელი შეუწყონ, ბიზნესი დააინტერესონ, რომ ამ სექტორში ფული ჩადოს, შეიქმნას ახალი კომპანიები, შემოვიდეს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები...

-თუმცა, მერიამ ისიც უნდა გაითვალსიწინოს, რომ ტაქსი ძალიან ბევრი ოჯახისთვის მთავარი საარსებო წყაროა.

- გეთანხმებით, არც ერთი ტაქსის მძღოლი არ გამოვიდოდა ქუჩაში, მინიმალური შემოსავალი მაინც რომ არ ჰქონდეს. ტაქსებზე მოთხოვნა არის, რადგან ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყოფნის. ამიტომ, ჯერ მინიციპალური ტრანსპორტი უნდა განავითარონ და მერე გადავიდნენ ტაქსების რეგულირებაზე. მით უმეტეს, დღეს არსებობენ კერძო კომპანიები, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის ავტომობილები, აქვთ მაღალი სტანდარტები კომფორტისა და სანიტარული ნორმების მხრივ. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქალაქში ვხედავდეთ ძალიან ბევრ გამართულ და ტექნიკურად აღჭურვილ მანქანას, ეს კომპანიები გადასახადებისაგან უნდა გავათავისუფლოთ. ისინი მაღალი ხარისხის ავტომობილებს შემოიყვანენ და თანაბარ კონკურენციაში იქნებიან თვითდასაქმებულებთან. შესაბამისად, ეს სფერო თავისით განვითარდება და ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს მინიმალური შემოსავლის გამო „ტაქსაობს“, აღნიშნულ კომპანიებში დასაქმდება, როგორც მძღოლი. კონკურენცია თავისთავად განავითარებს ამ სექტორს. ამავე დროს, ტექნიკური დათვალიერებაც უნდა შემოიღონ. მართალია, ტექდათვალიერებასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ ეს არის რეფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და მისი შემოღება აუცილებელია ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა არსებობდეს უსაფრთხოების სტანდარტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ავტოპარკს მწყობრში მოიყვანს?

ხათუნა ჩიგოგიძე