ქართული კომპანიები ტენდერებში ადგილობრივი წარმოებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვენ

ქართული კომპანიები მთავრობას სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოებისთვის შეღავათების დაწესების ინიციატივით მიმართავენ. "საქკაბელში" აცხადებენ, რომ ტენდერებში ადგილობრივი კომპანიების წახალისების მექანიზმი დაახლოებით 2 წელია შემუშავებულია, თუმცა მისი ამოქმედება ჭიანურდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეღავათები მათ საშუალებას მისცემს, შესყიდვებში მონაწილე უცხოურ კომპანიებს მეტი კონკურენცია გაუწიონ, რაც ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება.

"საქკაბელში" სახელმწიფო ტენდერებში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობენ. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ედიშერ მამალაძის განცხადებით, შესყიდვების არსებული სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს, პროდუქციაზე დემპინგური ფასები დააწესონ.