საკანონმდებლო ორგანო ცესკოს ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრას გეგმავს

ცესკოს ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები და პროცედურები პარლამენტის რეგლამენტით მკაფიოდ იქნება რეგლამენტირებული. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ შესთავაზა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ამჟამად მხოლოდ ის წერია, რომ ცესკოს ხარჯთაღრიცხვას, მისივე წარდგინებით, დადგენილებით პარლამენტი ამტკიცებს.

პარლამენტის ინიცირებული პროექტით, დგინდება, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის მთავრობისათვის წარდგენას პარლამენტი უზრუნველყოფს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს და ფინანსთა სამინისტროს 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ. ფინანსთა სამინისტრო 2 კვირის განმავლობაში წარუდგენს პარლამენტს თავის პოზიციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადის შესახებ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში განიხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც განსახილველად გადასცემს პარლამენტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა ამ პროექტის დარიგება.

პარლამენტის მიერ განხილვის შემდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი არა უგვიანეს 15 ივნისისა წარედგინება საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.

"ინიცირებული პროექტის მიხედვით, ცესკო იგივე რეჟიმში ექცევა, რა რეჟიმშიც არის თავად პარლამენტი და აუდიტის სამსახური – როცა მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შემოიტანს, ჩვენ მას მზა ციფრს ვაძლევთ, რა, რამდენი უნდა იყოს, თუმცა ამ ციფრებს მთავრობასთან კონსულტაციის და მასთან რეკომენდაციების გზით განვსაზღვრავთ. ცესკო ისეთი მნიშვნელობის დაწესებულებაა, რომ მას ბიუჯეტს პარლამენტი განუსაზღვრავს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ინიციატივის ავტორმა ნოდარ ებანოიძემ.