"თანხის ჩადება ორგანიზაციაში, რომელზეც ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას იხსნის, რისკების შემცველია"

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკებიც” უერთდება.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ეროვნული ბანკის გაფრთხილება რეალური პრობლემის არსებობაზე მიუთითებს.

,,ჩვენ გვახსოვს სარეკლამო რგოლები, რომლებშიც კომპანიები მომხმარებლებს არარეალურ პროცენტს სთავაზობენ. ზოგჯერ კარგი, წარმატებული ბიზნესი არ დატოვებს ისეთ შემოსავალს, როგორსაც ისინი მოქალაქეებს პირდებიან. მომხმარებლის გადასაწყვეტია, თუ სად და როგორ დააბანდებს საკუთარ დანაზოგს, მაგრამ თანხის ჩადება ორგანიზაციაში, რომელზეც ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას იხსნის, რისკების შემცველია”, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

მისი თქმით, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ჩამონათვალში, არსებული მონაცემებით, მხოლოდ ერთი მიკროსაფინანსო ფიქსირდება.

კეპულაძის განცხადებით, იურიდიული პირი, რომელიც თანხებს მოიზიდავს 400-ზე მეტი ფიზიკური პირისგან, ან მათ მიერ მოზიდული თანხა აღემატება 5 მილიონ ლარს, ვალდებულია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს კრიტერიუმები.

,,საქართველოში რეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ჩამონათვალში მხოლოდ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის იურიდიულ პირებთან, შესაძლოა, წარმოიქმნას სხვადასხვა სახის პრობლემები და მათზე პასუხისმგებლობას ეროვნული ბანკი არ იღებს. მსგავს შემთხვევებში, დიდია ალბათობა იმისა, რომ მომხმარებლებმა ვერ მიიღონ სარგებელი და გაცემული თანხაც კი დაკარგონ. მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ ისეთ იურიდიულ პირებს, რომლებიც არ რეგულირდებიან, არ რეგისტრირდებიან და რომლებზეც პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს”, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

ეროვნული ბანკის გამაფრთხილებელი განცხადება დღეს გავრცელდა. როგორც მასშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება. დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე კი აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს.

ქრისტინე გამთენაძე