აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მინსკში სარეკლამო კამპანიას ატარებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სარეკლამო კამპანიების ფარგლებში, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება.

როგორც დეპარტამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლები მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „Leisure 2016“ მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ქართულ-ტრადიციულ სტილში მოწყობილ საგამოფენო სტენდთან სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო მასალების გარდა, საშუალება ექნებათ ქართული, ტრადიციული კერძები დააგემოვნონ, აჭარული ხაჭაპურის კულინარიულ მასტერკლასში მიიღონ მონაწილეობა და ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები მოისმინონ.

”წელს პირველად, დეპარტამენტი მინსკში „აჭარის დღეს“ გამართავს, რომელსაც ბელორუსის წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება. ღონისძიებაზე ქართული სამზარეულოს, ფოლკლორისა და ცეკვის პრეზენტაცია/პოპულარიზაცია იგეგმება. გარდა ამისა, აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენელი ფოლკლორულ გუნდთან ერთად მიწვეულია ბელორუსის წამყვანი მედიასაშუალების „ბელორუს 1“ დილის გადაცემაში.

ბელორუსი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება”, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახურში.