დიმიტრი ქუმსიშვილმა დისკუსიაში „საპენსიო რეფორმა საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საჯარო დისკუსიაში „საპენსიო რეფორმა საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული რეფორმის განხორციელება საქართველოს მთავრობას 2017 წელს აქვს დაგეგმილი.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) პროექტმა “მმართველობა განვითარებისთვის“.

სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა ანიტა შვარცმა, ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო კონსულტანტმა პიტერ ჰოლცერმა და ფინანსური სექტორის წამყვანმა სპეციალისტმა ფიონა სტიურტმა, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის საპენსიო სისტემის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელმა, დარენ რაიდერმა და NEST-ის კორპორატიული მომსახურების დეპარტმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა დები გუფთამ.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საჯარო დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა საპენსიო რეფორმის კონცეფციაზე, რომელიც მცირე ხნის წინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. იგი გულისხმობს კერძო დაგროვებითი სისტემის კომპონენტის დანერგვას არსებული სოციალური საპენსიო პაკეტის პარალელურად.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, ვინაიდან საპენსიო რისკები დროთა განმავლობაში მატულობს და სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქის საპენსიო უზრუნველყოფაზე მოუწევს ზრუნვა. მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს საშუალება მიეცემა უკეთ დაგეგმოს სიბერე და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო შემწეობაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება პენსიის ოდენობა განესაზღვროთ სტაჟისა და წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის მეშვეობით.

როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია რეფორმის სწორი დიზაინი და იმ შეცდომების გაანალიზება და გათვალისწინება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაუშვეს რეფორმის განხორციალების პროცესში.

„საპენსიო რეფორმა წარმოადგენს ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელ კომპონენტს. კერძო დანაზოგების ზრდა ადგილობრივ ვალუტაში გაზრდის გრძელვადიანი ფულადი რესურსის ხელმისაწვდომობას, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკისათვის და ხელს შეუწყობს დანაზოგების ეკონომიკაში ინვესტირებას კაპიტალური ბაზრის მეშვეობით,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საჯარო დისკუსიაში მოხსენებები გააკეთეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) პროექტის “მმართველობა განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა მაილო სტევანოვიჩმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა.