თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს თანამშრომლებისთვის მილიონი ლარი გამოყო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს თანამშრომლებისთვის მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ”თბილისის სატრანსპორტო კომპანია” განცხადებას ავრცელებს.

”მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო კომპანიას გააჩნია შეზღუდული ფინანსური რესურსები, კომპანიის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, გამოიყო 1 მილიონი ლარი თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის წელთანამსახურების ანაზღაურებისთვის. აღნიშნული მოლაპარაკებები კომპანიის მენეჯმენტსა და მეტროს პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს შორის დაიწყო გასული წლიდან და ამ ეტაპზე კომპანია მზად არის დასაქმებულებს გადაუხადოს დანამატი მათი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მას შემდეგ, რაც შეთანხმდება გადახდის პირობები და ტექნიკური საკითხები.

რაც შეეხება მემანქანეების მხრიდან წამოსულ დამატებით მოთხოვნებს ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს, რომ მეტროს მემანქანეების სახელფასო განაკვეთი შედგება საათობრივი ანაზღაურებისგან, ასევე მავნე და მძიმე პირობების დანამატის, დღესასწაულებზე და ღამის საათებში შესრულებული სამუშაოს, კლასის (თანრიგის) დანამატის, ასევე მეცამეტე ხელფასისა და სააღდგომო პრემიისგან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვე წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასებს:

დეპოს მორიგე - 1 455 ლარი; დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწე - 981 ლარი;

დეპოს მანევრის მემანქანე - 1 300 ლარი; მემანქანე ინსტრუქტორი - 1 986 ლარი;

ხაზის მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი; ხაზის მემანქანე - 1 731 ლარი; ხაზის მემანქანის თანაშემწე - 1 096 ლარი;

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ასევე გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან (პროფესიულ კავშირებთან), რომელიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანებების წევრებს კომპანია დამატებით უნაზღაურებს ერთჯერად ხარჯებს: დაოჯახების შემთხვევაში - 250 – 400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება; დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში - 375 – 700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება; ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში - 250 -375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება; თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში - 1000 ლარიანი დახმარება ოჯახს; კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი) და კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65%-ს. აქედან გამომდინარე კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის (მემანქანეები) ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში, შესაბამისად ხელფასის მატება ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია.

თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ გააჩნიათ საზოგადოების წინაშე და ზუსტად გაანალიზონ ის შედეგები, რაც მოყვება მათ გაფიცვას, რომელიც გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან შეფერხებას, ვინაიდან თბილისის მეტროთი ყოველდღიურად 300 ათასამდე მგზავრი სარგებლობს”, - აღნიშნულია განცხადებაში.